ახალი ამბები

შენგელია: პასუხისმგებელია გახარია, კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას გავასაჩივრებ

23 აგვისტო, 2019 • 2291
შენგელია: პასუხისმგებელია გახარია, კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას გავასაჩივრებ

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ პროკურატურამ დღეს, 23 აგვისტოს მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გაივლის ყველა სამართლებრივ გზას და საბოლოოდ იჩივლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რათა დაადგინოს სიმართლე, რომლის მიხედვითაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ ია კერზაიაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით მისი სკოლა შეამოწმა. ამის შემდეგ გაუარესდა ია კერზაიას ჯანმრთელობა და საბოლოოდ  გარდაიცვალა.

პროკურატურამ თქვა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

[red_box]ნახეთ ვრცლად: პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა [/red_box]

ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურის არგუმენტები არ არის რელევანტური.

“ეს გამოძიება თავიდანვე იყო პოლიტიკური და ამ გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქმე რეალურად, არასწორი მიმართულებით ყოფილიყო გამოძიებული. მე როდესაც აპრილის თვეში ადვოკატთან ერთად გავეცანი საქმის მასალებს, იმ დღესვე ვთქვი, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო უკვე არსებული რეალობის გათვალისწინებით ამ გამოძიების ლოგიკურ შედეგებამდე მიყვანა”, – უთხრა ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს.

როგორც გარდაცვლილ ია კერზაიას შვილი ამბობს ყველა მტკიცებულება, რაც კერზაიასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს თანამშრომლების დანაშაულს დაადასტურებდა, ან არასწორად არის მოპოვებული, ან დაგვიანებით, ან კიდევ არასრულყოფილად.

ბაჩანა შენგელიას თქმით, პროკურატურამ ექსპერტიზა არ ჩაუტარა იმ წერილს, რომლის საფუძველზეც განათლების სამინისტრომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირება გადაწყვიტა, ასევე, არალოგიკური კითხვები გაუგზავნა ექსპერტიზას და პასუხი ვერ მიიღო, გარდა ამისა, დროულად არ მოითხოვა ვიდეოკადრების ამოღება განათლების სამინისტროდან.

“საუბარია განათლების სამინისტროს შიდა კამერებზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ განათლების სამინისტროში ეს საჩივარი კერზაიას წინააღმდეგ არავის შეუტანია და შიგნითვე, განათლების სამინისტროში მომზადდა. წერილებს არ ჩაუტარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის დაწერილი იყო”, – უთხრა ნეტგაზეთს ბაჩანა შენგელიამ.

მისივე განმარტებით, ყველაფერი გაკეთდა არასწორად.

“ეს პროცესი თავიდანვე მიდიოდა არასწორად და ახლა ფორმალურად, აგვისტოს თვეში, პარასკევ საღამოს ამის შეწყვეტა ნიშნავს, რომ მათ უნდათ, ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდად, ჩუმად, ხმაურის გარეშე, დახურული ტელევიზიების ფონზე და ა.შ.”, – ამბობს ბაჩანა შენგელია.

მისი მოსაზრებით, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი.

მთავარი პასუხისმგებელი პირი არის გახარია, ის იყო დავალების გამცემი, რომ შეემოწმებინათ მე-6 სკოლა და შემდეგ ია კერზაია თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. მე საჩივარიც მაქვს შეტანილი პროკურატურაში და ვთხოვ მის პასუხისგებაში მიცემას. გამოძიების ფორმალურად დასრულება ნიშნავს მისთვის ველის მოსუფთავებას, რომ გამოუძიებელი საქმე მის კისერზე არ იყოს. სავარაუდოდ, მას ამზადებენ პრემიერობისთვის და არ უნდათ ფორმალურად გამოუძიებელი საქმის არსებობა” , – ამბობს აბჩანა შენგელია.

ია კერზაიას შვილის თქმით, სამართლებრივი ბრძოლის გარდა, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს პროტესტის სხვადასხვა ფორმით, რაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რა მოხდა

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი