ახალი ამბები

ხაზარაძე: წერეთლისთვის ბრალის წაყენება TV პირველზე პირდაპირი ზეწოლაა

22 აგვისტო, 2019 • 1241
ხაზარაძე: წერეთლისთვის ბრალის წაყენება TV პირველზე პირდაპირი ზეწოლაა

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება, ამავე საქმეზე ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენებას “ტელეკოპანია პირველზე” ზეწოლის მცდელობად აფასებს.

ხაზარაძის თქმით, ავთო წერეთელს არანაირი წილი არ აქვს იმ კომპანიებში, რომელთაგანაც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ფული ისესხეს, ბრალდება კი წერეთლის მიმართაც ისეთივე აბსურდულია, როგორც მისი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ:

“ბრალის წარდგენა ჩვენი მეგობარი ავთო წერეთლისთცის არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლიდანაც ფული ვისესხეთ, გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის როლით. იგი არც დირექტორი და მეწილე იყო ამ კომპანიის. სახეზე გვაქვს პირდაპირი ზეწოლა ავთო წერეთელზე იმიტომ, რომ მან თავის იჯახის წევრებზე ვითომდა გავლენა მოახდინოს, რათა ერთადერთი დარჩენილი თავისუფალი მედიისგან ისევ მივიღოთ რაღაც გაუგონარი რამ.

მე გეუბნებით, “ტვ პირველი” დიდი ხანია აღარაა მხოლოდ წერეთლების იჯახის, ეს არის მთელი საქართველოს, დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და სადაც ის შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ ყველანაირი მეთოდებით. მთელი სცენარი გაშიფრულია”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

პროკურატურა ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. მათ 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი