ახალი ამბები

ვიდეოს, რომელშიც კაცი ძაღლს ქამრით სცემს, შსს სწავლობს

22 აგვისტო, 2019 • 1882
ვიდეოს, რომელშიც კაცი ძაღლს ქამრით სცემს, შსს სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც კაცი ძაღლს სცემს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

კადრები ცხოველების უფლებადამცველმა, თიკო კვალიაშვილმა, “ფეისბუქის” მეშვეობით დღეს, 22 აგვისტოს გაავრცელა. ვიდეოს მიხედვით, კაცი ძაღლს  ქამარს რამდენჯერმე ურტყამს. აქტივისტის თქმით, ვიდეო თბილისში, ზემო ფონიჭალაშია გადაღებული.

შსს-ს თქმით, ვიდეოს მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ მომხდართან დაკავშირებით.

“იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცველები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს”, – აღნიშნავს უწყება.

ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლი არეგულირებს. კანონის მიხედვით:

“ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, −

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი