ახალი ამბები

ამაზონის ტყეები იწვის – ხანძრის რეკორდული მასშტაბები ბრაზილიაში

22 აგვისტო, 2019 • 7423
ამაზონის ტყეები იწვის – ხანძრის რეკორდული მასშტაბები ბრაზილიაში

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა(საუბარია მხოლოდ ბრაზილიის ამაზონზე), ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

ცენტრმა, რომელიც ტყის ხანძრებს 2013 წლიდან აკვირდება, მიმდინარე წელს ბრაზილიის მასშტაბით ყველაზე მეტი – 72, 843 ხანძარი აღნუსხა. რთულმა ვითარებამ საერთაშორისო მედიის ყურადღება განსაკუთრებით მიმდინარე კვირაში მიიპყრო. გასული ხუთშაბათიდან მოყოლებული, უწყებამ ამაზონის ტყეებში ხანძრის 9, 507 ახალი კერა დათვალა.

სტიქია იმდენად ძლიერია, რომ მისი ეფექტი სატელიტიდან გადაღებულ მასალაშიც კარგად ჩანს. როგორც CNN ევროკავშირის სატელიტურ პროგრამაზე დაყრდნობით იუწყება, კვამლი ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქი სან-პაულუ ჩანს, რომელიც ამაზონში გაჩენილი ხანძრის ფონზე შავი კვამლითაა დაფარული. ზოგიერთი მეტეოროლოგის აზრით, შესაძლოა ეს მეზობელი პარაგვაიდან და ბოლივიიდანაც მოდიოდეს, სადაც ასევე უკიდია ცეცხლი ამაზონის ტყეებს.

ამაზონს ზოგჯერ დედამიწის ფილტვებადაც მოიხსენიებენ. ის დედამიწის ატმოსფეროში ოქსიგენის 20%-ს გამოყოფს.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები “გაასუფთაონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი