ახალი ამბებისაზოგადოება

საპროტესტო აქცია იორმუღანლოში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

5 მარტი, 2018 • 2469
საპროტესტო აქცია იორმუღანლოში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

დღეს სოფელ იორმუღანლოში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბავშვები შეძახილებითა და ბანერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ისეთი მოწოდებები ეწერა, როგორიცაა: “გვასწავლეთ ქართული ენა!”  და “ნუ გვიშლით ინტეგრაციას!”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სათემო რადიო “ივრისის” რეპორტიორ თოზუ გულმამედოვას, რათა გაერკვია, თუ რას უკავშირდებოდა ზემოხსენებული აქცია. აქციას სწორედ თოზუ გულმამედოვა აშუქებდა.

მისი თქმით, იორმუღანლოს საჯარო სკოლიდან ქართული ენის მასწავლებელი, თეა გურგენიძე,  ბავშვის ცემის ბრალდებით გაათავისუფლეს, ცემის ფაქტს კი არც მასწავლებელი და არც მოსწავლეები არ ადასტურებენ. ჟურნალისტი განმარტავს, რომ აქციაში მონაწილე მოსწავლეების თქმით, აღნიშნული მასწავლებელი ქართულ ენას საუკეთესოდ ასწავლის, ხოლო მისი გაშვების მიზეზი ადგილობრივი რესურსცენტრის ხელძღვანელთან არსებული კონფლიქტია.

“ნეტგაზეთი” ორივე მხარეს დაუკავშირდა:

მასწავლებლის პოზიცია

თეა გურგენიძე იორმუღანლოში 12 წელი ცხოვრობს. როგორც მან “ნეტგაზეთს” მოუყვა, სოფელში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს, სადაც სკოლის ქართულენოვანი სექტორი, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა სკოლის იმჟამინდელ დირექტორთან და გუბერნატორთან ერთად, შექმნა. რაც შეეხება რესურსცენტრის ხელმძღვანელს, როგორც მასწავლებელი განმარტავს, მანანა ცუცქირიძესთან პირადი უთანხმოება აკავშირებს.

” რესურსცენტრის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რომ სკოლას ჩამომაშორონ. როგორც მეუბნებიან, კამერამ დააფიქსირა, რომ მე ბავშვს ვცემე, და ჩემი საკითხი დისციპლინური კომიტეტის დღის წესრიგში დადგა. თუმცა,  როგორც დისციპლინური კომიტეტის წევრები მეუბნებიან, განხილვაზე ცემის ფაქტი არ დადასტურებულა. გარდა ამისა, მე ეს კამერის ჩანაწერი არ მინახავს. ჩანაწერი არც რესურსცენტრის ხელმძღვანელს უნახავს, თუმცა კი ბავშვებს ეუბნება, რომ მე მოძალადე მასწავლებელი ვარ, ” – განაცხადა თეა გურგენიძემ. 

მასწავლებლის თქმით, მანანა ცუცქირიძე უკვე რამდენიმე წელია, რაც მას აშანტაჟებს და სამსახურიდან გაშვებით ემუქრება. მისივე განმარტებით, შეცდომები დისციპლინური კომიტეტის სხდომის განმავლობაშიც დაფიქსირდა.

მე უნდა მომსვლოდა შეტყობინება, რომ კომიტეტი ჩემს საკითხს განიხილავს, თუმცა ასეთი რამ არ ყოფილა, ” – ამბობს თეა გურგენიძე.

რაც შეეხება ძალადობის ფაქტს, როგორც თეა გურგენიძე ამტკიცებს, მას ბავშვისთვის არ ჩაურტყამს, რასაც მისი მტკიცებით, როგორც მოსწავლეები, ასევე დისციპლინური კომიტეტის მშობელი წევრები ადასტურებენ, თუმცა კომიტეტის ოქმში სხვა რამ წერია.

“კომიტეტმა ჯერ გაფრთხილების გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჩამოვიდა და დააახევინა ეს ოქმი. ქალბატონმა მანანამ დაახევინა ეს განცხადება და ხელახალი ოქმი დააწერინა, სადაც ექვსი ადამიანი: ორი მასწავლებელი, ორი მშობელი და ორი მოსწავლე, ცემის ფაქტს ადასტურებს. თუმცა მე მშობლები მეუბნებიან, რომ შენი გათავისუფლებისთვის ხმა არ მიგვიციაო, ” –  აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, კომიტეტის თავმჯდომარე ქართულს კარგად ვერ ფლობს, ხელახალი ოქმი კი მდივანმა შეადგინა, რომელმაც შემდგომ ხელი თავმჯდომარეს მოაწერინა.  გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად სურვილისა და მოთხოვნისა, კამერის ჩანაწერი არცერთ დაინტერესბულ მხარეს არ უნახავს.

“მშობლები და მასწავლებლები მინისტრის სახელზე წერენ განცხადებებს იმისათვის, რომ დისციპლინური კომიტეტის წევრებმა ეს საკითხი განიხილონ და უკეთ შეისწავლონ.  რაც შეეხება დირექტორს, ის  აიძულეს, რომ ჩემი გათავისუფლების ბრძანება დაეწერა, მაგრამ მან უარი თქვა და განაცხადა, რომ თუ მე გამიშვებდნენ, თავადაც წავიდოდა,” – აღნიშნავს თეა გურგენიძე.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია

მომხდარის შესახებ განსხვავებულ დეტალებს ყვებიან საგარეჯოს რესურსცენტრში. როგორც ცენტრის თავმჯდომარე მანანა ცუცქირიძე განმარტავს, ის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებაში არ ჩარეულა, ვინაიდან მას არ აქვს უფლება სკოლის შინაგანაწესის აღსრულებაში მონაწილეობა მიიღოს.

“სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა სავარაუდო ცემის ფაქტი. აღნიშნული კადრები შესაბამისს სამსახურს გადაეცა,  შემდეგ კი- დისციპლინურ კომიტეტს, რომ შეესწავლათ და მოეკვლიათ. იმისათვის, რომ დადასტურებულიყო, ნამდვილად იყო თუ არ ცემა, დისციპლინურმა მანდატურის სამსახურიდან შესაბამისი კადრები გამოითხოვა  და, როგორც ჩანს, ნახეს, რომ ნამდვილად იყო ცემის ფაქტი. ახლა შემდგომი პროცედურები მიმდინარეობს. პედაგოგი ჯერ სამსახურიდაან გათავისუფლებული არ არის, ” – განმარტავს მანანა ცუცქირიძე.

მისივე თქმით, საპროტესტოდ განწყობილ მშობლების ნაწილს გაესაუბრა და აღმოაჩინა, რომ ისინი ცემის, როგორც დასჯის მეთოდის მომხრეები არიან. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის საქციელი დანაშაულად არ მიაჩნიათ.

“მიუღებელია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე. ამ ამბავში მე უბრალოდ ინფორმაციის გამტარი  ვარ და გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, აქ სკოლაა მთავარი. სკოლამ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, იყო თუ არა ცემის ფაქტი და, როგორც ჩანს, იყო”, – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ უნახავს აღნიშნული ვიდეოკადრები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამის უფლება არ აქვს.

“რაც შეეხება ამ აქციას, ძალიან ცუდია, რომ მიტინგის მომხრეები მოსწავლეებს იყენებენ, ეს არის უფრო მეტი დარღვევა, რომ მშობლებმა ბავშვები მარიონეტებად აქციეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესები და უფლებები იქნას დაცული, ” – განაცხადა მანანა ცუცქირიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი